დონ კიხოტი
ინფორმაცია

მიგელ დე სერვანტეს საავაედრა

დონ კიხოტი


(მისტერია თოჯინებისათვის)

რეჟისორი და მუსიკის ავტორი :გიორგი აფხაზავა

მხატვარი : ნინო კიტია

განათება და მულტიმედია : გიორგი წყაროველი

თოჯინების ოსტატები : ირინე ყველიაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ნადეჟდა აფხაზავა

ანიმატორები:
გიორგი ხარაიშვილი, არჩილ კაპანაძე, ნატალია მოლაშვილი, ანასტასია ურიდია, ანანო დოლიძე, მერი ბეროშვილი, ნატა ბიჭიკაშვილი, თამთა ჩუმაშვილი

როლებს ახმოვანებენ : მარი კიტია, ელდარ ფუთკარაძე, გიორგი იარაჯული,გიორგი კავილაძე,გიორგი რევიშვილი, გიორგი სულთანიშვილი.

 

სპექტაკლის შესახებ:

დონ კიხოტ ლამანჩელი მწუხარე სახის რაინდი...

 

„... და განა რა არის სიგიჟე? მთელი სამყარო ხო ერთ დიდ საგიჟეთადაა ქცეული...“ ეს დასასრულია... დონ კიხოტ ლამანჩელის მისტერიის დასასრული. ჩვენ ვიბადებით, ჩვენ ვცოცხლობთ, ვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას იმგვარად, რომ დასარული ყოველივესი დიად ფინალს დაემსგავსოს, მაგრამ მივაღწევთ თუ არა საწადელს, თუ ეს მხოლოდ ილუზიაა და მიუღწეველი ოცნებებისადმი ლტოლვაა მხოლოდ... ამ სამყაროში ხომ ყველაფერი ბევრად უფრო მარტივადაა - აღარ არსებობს სიკეთე, აღარ არსებობს ბოროტება. ჩვენ ამ მისტერიის პერსონაჟების მსგავსად აბსოლუტურად ნეიტრალურ მდგომარეობაში და პოზიციაზე ვიმყოფებით და ვცდილობთ, ცხოვრება ჩვენი სიმშვიდესა და კომფორტში გავლიოთ - დღევანდელ დღეს, დონ კიხოტი ხომ არ არსებობს და იგი ჩვენ არ გვჭირდება.

 

შემოქმედებითმა ჯგუფმა ამ უკვდავი ნაწარმოების სტრუქტრურა და გმირები უჩვეულო ფორმაში მოაქცია. დაჟანგებული რკინა... ქვიშა... თითქოს და მიტოვებული ეკლესიის კედლიდან ამოგლეჯილი ფრესკის ნაწილი - ყოველივე ეს „დონ კიხოტის“ უჩვეულო და მისტიურ ატმოსფეროს ქმნის... პერსონაჟები კი... მარიონეტები... სპექტაკლის ავტორები თითქოს გვკარნახობენ, რომ დღევანდელ დღეს აღარ არსებობენ გმირები, აღარ არსებობენ პერსონაჟები, რომ ყოველივე - ბოროტიც და კეთილიც გამქრალია, მიწადაა ქცეული.

 

თოჯინები ცოცხლდებიან, თითქოს აღმოცენდებიან ფერფლიდან და უჩვეულო ამბების გამთამაშებას იწყებენ. რამოდენიმე წამში ჩვენ ვივიწყებთ, რომ ჩვენს წინაშე მკვდარი მასალისაგან შექმნილი პერსონაჟებია და მათთან ერთად გავდივართ ამ მისტიურ ამბავს. თავიდან შექმნილი შთაბეჭდილება, რომ მსახიობი მართავს თოჯინას, წამიერად იცვლება და ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ მარიონეტი კარნახობს საკუთარ ამბავს, ქცევას, ქმედებას და მსახიობი მისი მორჩილი ხდება.

 

„დრო მიდის, გმირები კი, რჩებიან“ და ეს ასეც არის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს გმირები მხოლოდ ისტორიის მატიანეებში ან ლიტერატურის ფურცლებზე რჩებიან, და დღეს, ისე როგორც არასოდეს, კაცობრიობას სჭირდება მწუხარე სახის რაინდი, დონ კიხოტ ლამანჩელი.