მეფე ლირი
ინფორმაცია
გამოხმაურება
პრესა
ფოტო
ვიდეო
ბილეთის შეძენა

უილიამ შექსპირი


მეფე ლირი


რეჟისორი : ზურაბ გეწაძე 

თარგმანი : მანანა ანთაძისა

მხატვარი : შოთა გლურჯიძე

მუსიკის ავტორი : ერეკლე გეწაძე

სასცენო მოძრაობა : კახა ხოშტარია

რეჟისორის ასისტენტი : სოფო ორჯონიკიძე

ტექნიკური რეჟისორი : ელენე მონასელიძე


მონაწილეობენ : 

ზურაბ ყიფშიძე, აკაკი ხიდაშელი, ნანუკა ლითანიშვილი, მაია გელოვანი, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, გიორგი ყიფშიძე, იმედა არაბული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ვანო თარხნიშვილი, ვანო დუგლაძე, გუგა კახიანი, ანრი ბიბინეიშვილი, ერეკლე გეწაძე, თორნიკე ქასრაშვილი



სპექტაკლის შესახებ:
გავიდა ასწლეულები, მაგრამ უილიამ შექსპირის პიესები კვლავაც იპყრობს მკითხველისა თუ მაყურებლის ყურადღებას. მისი ნამუშევრების უკვდავების საიდუმლო დაყრდნობილია ძლიერ, ადამიანურ გრძნობებსა და ვნებებზე, უდიდეს სიყვარულზე, შურისძიებაზე თუ ძალაუფლების წყურვილზე, სწორედ ამიტომ არ გვტოვებს შექსპირის გმირები გულგრილს, რადგან ყველა ეს გრძნობა მარადიულია....

პიესის დასაწყისში შექსპირი მეფე ლირს წარმოგვიდგენს თავისი სასახლის კედლებში როგორც დიად, ამაყ და დესპოტურ პერსონას, დარწმუნებულს თავის ავტორიტეტსა და სტაბილურობაში. მეფე, რომელსაც განზრახული აქვს სახელმწიფო გაუყოს თავის სამ ქალიშვილს, სანაცვლოდ იმისა, თუ რაოდენ დიდია მათი სიყვარული მამისადმი. უფროსი დები – გონერილია და რიგანა არ აკლებენ მამას ხოტბას და სიყვარულს, ხოლო უმცროსი, მეფის უსაყვარლესი ქალიშვილი კორდელია თავს შეიკავებს უცხო საზოგადოების წინაშე. განრისხებული მამა უმცროსს ქალიშვილს სასახლიდან გააგდებს, ხოლო სახელმწიფოს ორ უფროს დას შორის გაყოფს. შემდგომი მოვლენები ისე ვითარდება, რომ ყველასთვის ზედმეტ ტვირთადქცეული მეფე რჩება ძალაუფლების გარეშე, ფაქტობრივად მშიერი და გასაჭირში მყოფი. საკუთარი ქალიშვილებისგან უარყოფილი... სწორედ მაშინ იწყებს მეფე გააზრებას, თუ რამდენად ძვირფასია გულწრფელობა.

პრემიერის თარიღი : 28 მაისი 2016
ხანგრძლივობა : 180 წუთი, ერთი შესვენებით


თეატრში გვსტუმრობდა ბატონი გიორგი კალანდია რომელმაც თავის ფეიქბუქ-გვერდზე ასეთი კარგი შეფასება დაწერა სპექტაკლის შესახებ


"მეფე ლირი"


რეჟისორი ზურაბ გეწაძე


ეს წუთია სახლში მოვედი, თეატრიდან მოვედი და სულ არ მეზარება წერა, მეზარება კი არა მიხარია... ვერ წარმომედგინა რომ ამ ასაკში სპექტაკლს მოცქერალი ემოციების შეკავება გამიჭირდებოდა და თვალებზე ცრემლები მომადგებოდა. თუმანიშვილის თეატრში ნანახმა „მეფე ლირმა“ ისე ამაფორიაქა, რომ სამი საათის გასვლა სამ წუთად მომეჩვენა... დღეს სცენაზე ნამდვილი შემოქმედებას ვუყურე, ნამდვილს, სასიამოვნოს და ემოციებით დამუხტულს. ზურა ყიფშიძე შეუდარებელი იყო, თამაშობს კი ვინმე დღევანდელ მსოფლიოში (თვით ინგლისშიც კი) ასეთ მეფე ლირს? რამდენი ემოცია, რამდენი ოფლი (პირდაპირი მნიშვნელობით) და რაც ყველაზე მთავარია რამდენი პროფესიონალიზმი იხარჯება მისი მხრიდან სცენაზე. შესანიშნავი დეკორაცია, ასეთი მინიმალისტური და ამდენად სრული შინაარსის გადმომცემი დეკორაცია იშვიათად მინახავს! მუსიკაც სრულ ტაქტში მიჰყვებოდა სცენაზე გათამაშებულ მოვლენებს და მსახიობებთან ერთად სუნთქავდა. მსახიობებმა კი ითამაშეს ბრწყინვალედ, მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფ ვანო თარხნიშვილს, შეუდარებელი იუმორითა და პლასტიკით. არ ვიქნები სამართლიანი თუ ცალკე და საგანგებოდ არ ავღნიშნავ მანანა ანთაძის უმაგრეს თარგმანს Manana Antadzeმოკლედ დღეს თუმანიშვილის სცენაზე ნამდვილი ხელოვნება ზეიმობდა (რა პათეტიკურად ჟღერს- არადა მართლა ასე იყო)! მიხარია და ვამაყობ რომ ამის შემოქმედი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ზურაბ გეწაძეა Zura Getsadzeზურა მართლა ძალიან ძალიან საამაყო ადამიანი ხარ! ორი თხოვნა მაქვს: პირველი, მინდა გთხოვო რომ სპექტაკლი პროფესიონალურ დონეზე გადაიღოთ, რადგან ეს ის დადგმაა რომლის ჩვენებას მსახიობები ვერ შეძლებენ მთელი ქვეყნისთვის, რადგან უბრალოდ ამისათვის ადამიანური რესურსები არ ეყოფათ, არადა სპექტაკლი მთელმა ქვეყანამ უნდა ნახოს! და მეორე: აუცილებალად საქართველოს თეატრალურ მუზეუმს ანუ ხელოვნების სასახლეს გამოუგზავნეთ რაიმე მემორიალური ამ სპექტაკლიდან, რადგან ამ სპექტაკლმა ღირსეული ადგილი უნდა დაიმკვიდროს ქართული თეატრის მდიდარ ისტორიაში

დავით ბუხრიკიძე

ჟურნალი „ლიბერალი“/ივნისი 2016


  რეჟისორ ზურაბ გეწაძის სპექტაკლი თეატრისთვის ლამის მარადიულ და აქტუალურ საკითხს ააშკარავებს - როგორ გავაცოცხლოთ და წავიკითხოთ სამსახიობო და რეჟისურული თეატრის მუდმივი რითმა და ანტირითმნა?! დრომ დაადასტურა, რომ თეატრის განვითარებისთვის ეს ისეთივე წყევლა-კრულვიანი საკითხავია და ისეთივე მარადიული, როგორც დაუსრულებელი ბრძოლა ტახტისათვის ყველა დროში; როგორც განაწილებული სიყვარული თუ გაუნაწილებელი ძალაუფლება, მამების წყევლა შვილების უმადურობის გამო, და ბოლოს, როგორც თავად უილიამ შექსპირი - თეატრის მიუღწვეველი მწვერვალი, რომლისკენ მიმავალი ბილიკებიც ბევრი ბრწყინვალე რეჟისორისა და მსახიობის "გვამითაა" მოფენილი.




შექსპირის „მეფე ლირი“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში
ჟურნალი „ცისკარი“ #12 2016 გვ. 97-105
მანანა პაიჭაძე


„ძნელი სათქმელია თუ რომელი პიესა უფრო სრულად ავლენს შექსპირის ტრაგიკულ მსოფლმშეგრძნებას – „ჰამლეტი“ თუ „მეფე ლირი“. შემთხვევით როდი ფიქრობენ, რომ შესაძლოა სწორედ „მეფე ლირი“ იყოს რენესანსული ტრაგედიული თეატრის მწვერვალი. ტოლსტოის, როგორც XIX საუკუნის უმაღლეს რანგში აყვანილი კლსიკური რეალიზმის წარმომადგენელს, არ მოსწონდა „მეფე ლირის“ სრულყოფილი, სიმბოლურობამდე მისული შინაგანი ადამიანური ტრაგიზმის შიშველი სიმძაფრე (სქემატური და მხატვრულად დაუჯერებელიო, დაახლოებით ასე იტყვის იგი). მაგრამ სწორედ ამ „უტრირებული“ ტრაგედიულობით, ადამიანის გრძნობად-ემოციური, ისევე როგორც ინტელექტუალური სამყაროს მიმნიშნებელ, უკიდურესობამდე ალესილ სიმბოლოთა წყალობით „მეფე ლირმა“ შექსპირის სხვა ქმნილებებზე უკეთ თუ არა, არც მათზე ნაკლებად, ცოცხლად მოიტანა ჩვენს დრომდე მისი ავტორის, როგორც იტყვიან ხოლმე, უბერებელი შემოქმედება.“ (ფრაგმენტი ნიკო ყიასაშვილის 1982 წელს დაწერილი კრიტიკული წერილიდან „ვარიაციები თემაზე „და მე ავტირდი ვით მეფე ლირი . . .“ ციტირებული წიგნიდან: ნიკო ყიასაშვილი. „სკილასა და ქარიბდას შორის“, თბილისი, გამომცემლობა „საქართველო“, 1992 წელი, გვ. 181-182.)
მე თუ მკითხავთ, შექსპირის „მეფე ლირზე“ მეტის თქმა აღარც არის საჭირო.

მაგრამ რადგანაც ჩემი ამოცანაა დავწერო რეცენზია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში რეჟისორ ზურაბ გეწაძის მიერ დადგმულ ახალ სპექტაკლზე, რომლის პრემიერაც 2016 წლის 30 მაისს შედგა, და რომელიც წლევანდელი ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში ორჯერ იქნა წარმოდგენილი (22 ოქტომბერს და 17 ნოემბერს), მაშინ უნდა დავიცვა არა მხოლოდ აკადემიური თეატრალური რეცენზიისათვის დამახასიათებელი და სავალდებულო ნორმები, არამედ უნდა გავითვალისწინო ისიც, რომ დარბაზში მინიმუმ ორი სახის მაყურებელი იმყოფება: ერთნი ზედმიწევნით კარგად იცნობენ შექსპირის პიესის არა თუ ტექსტს, არამედ მისი თეატრალური დადგმების ისტორიასაც, ხოლო მეორენი კი არანაირ (ან თითქმის არანაირ) ინფორმაციას არ ფლობენ მის შესახებ. არც რეცენზიის მკითხველების კლასიფიკაცია არის სხვაგვარი.
ამიტომ ნება მიბოძეთ მოკლედ, მაგრამ მაინც, ანბანური ჭეშმარიტებით დავიწყო.
უილიამ შექსპირის ტრაგედიას „მეფე ლირი“ სიუჟეტურად არაფერი აქვს საერთო ირლანდიური კელტების მითოლოგიის ამავე სახელის მატარებელ ზღვის ღმერთთან (ანდა სულაც მის ვალიურ ანალოგთან).
თქმულება მეფე ლირზე და მის ქალიშვილებზე შექსპირის დროს ძალზე პოპულარული იყო. არსებობდა მისი რამდენიმე ვერსია დაწერილი სხვადასხვა ჟანრში – მოთხრობების, ლექსების, ასევე დრამების სახით. ამ თქმულების ძირითადი მონახაზი შემონახულია უელსელი ჯეფრი მონმაუთელის ისტორია Regum Britanniae–ში (წიგნი II, თავები 11-15), ანუ „ბრიტანელი ხალხის ისტორიაში“ (დაწერილი დაახლოვებით 1136 წელს ლათინურ ენაზე), ასევე თქმულება გადმოცემულია რობერტ გლოსტერის (1300), რობერტ მანინგის (1338), ჯონ ჰარდინგის (1450) ლექსებში, პროზაული ფორმით კი რობერტ ფაბიანის (1516), ჯონ რასტელის (1530) და რიჩარდ გრაფტონის (1568) ქრონიკებში. დედოფალ ელისაბედის ეპოქაში ეს სიუჟეტი ასახული იყო თითქმის ყველა ცნობილ ისტორიულ ქრონიკაში, მათ შორის აგრეთვე რ. ჰოლინშედის „ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის ქრონიკებში“ (1577 - 1587 წწ.). სწორედ ეს ნაშრომი გამოდგა შექსპირისთვის ძირითად წყაროდ მისი ისტორიული ქრონიკებისთვის, და ასევე ლირის შექმნისათვის.
შექსპირის „მეფე ლირის“ წყაროებია აგრეთვე: ედმუნდ სპენსერის პოემა „ფერიების დედოფალი“ (1590), ჯონ ჰიგინსის „სარკე მმართველთათვის“ (1574), ჯონ მარსტონის „უკმაყოფილო“ (1604), მიშელ მონტენის ესეები, უილიამ ჰარისონის „ინგლისის კუნძულის ისტორიული აღწერა“ (1606), უილიამ უორნერის „ალბიონის ინგლისი“ (1589), და კიდევ რამდენიმე სხვა. მნიშვნელოვანია ანონიმი ავტორის პიესა „მეფე ლირის ჭეშმარიტი ისტორიის ქრონიკა“, რომლის პრემიერაც შედგა ჰენსლოუს თეატრში 1594 წელს. შექსპირის პიესის მეორე, პარალელური სიუჟეტური ხაზი – გლოსტერისა და მისი ვაჟიშვილების ამბავი - ნასესხებია 1590 წელს გამოცემული სერ ფილიპ სიდნეის რომანიდან „არკადია“.
ყველა კვარტოსა და ფოლიოს გამოცემის ტექსტოლოგიური შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ პირველი კვარტო (1608) ყველაზე ავტორული თუ საავტორო ანუ ლიტერატურული ტექსტია, ხოლო პირველი ფოლიოს (1623) ტექსტი – ყველაზე თეატრალურია ანუ სათეატრო დადგმისთვის გათვალისწინებული.
 რუდუნებით წარმოებული შექსპიროლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შექსპირის „მეფე ლირი“ დაიწერა 1605-1606 წლებში. ანუ, „მეფე ლირს“ წინ უსწრებდა „ოტელო“ (1604) და მოსდევდა „მაკბეტი“ (1606).
ვიცით ისიც, რომ შექსპირის სიცოცხლეში „მეფე ლირი“ პირველად დაიდგა 1606 წლის 26 დეკემბერს უაითჰოლში, მეფე ჯეიმზ I–ის კარზე. რიგითი წარმოდგენები, როგორც ჩანს, გლობუსის თეატრში იმართებოდა.
შემდეგ „მეფე ლირის“ სცენური ცხოვრება წყდება. 1642 – 1660 წლებში პურიტანულმა მთავრობამ თეატრები დახურა. რესტავრაციის პერიოდში 1681 წელს „მეფე ლირი“ დაიდგა ნეიუმ ტეიტის რედაქტირებული და ადაპტირებული ვერსიის მიხედვით. ნეიუმ ტეიტმა რადიკალურად შეცვალა შექსპირის ტექსტი და მისი კონცეფცია. ტეიტის რედაქციაში პიესა ჰეპი-ენდით მთავრდება, ამოღებულია მასხარას როლი, კორდელიას და ედგარს ერთმანეთი შეუყვარდებათ და პიესის დასასრულს ისინი სათავეში ჩაუდგებიან აღდგენილ სამეფოს. ლირი, გლოსტერი და კენტი კი თავ-თავიანთ ციხე-სიმაგრეებში ბრუნდებიან. ამ სახით იდგმებოდა ეს პიესა 1838 წლამდე (ამერიკაში – 1875 წლამდე).
 1838 წლის თებერვალში კი გამოჩენილი ინგლისელი მსახიობის ჩარლზ მაქრედის ძალისხმევით ლონდონის კოვენტ გარდენის თეატრში (რომელსაც იმხანად სწორედ ჩ. მაქრედი ხელმძღვანელობდა) დაიდგა შექსპირის დრამის სრული ტექსტი. სწორედ აქედან იწყება შექსპირის „მეფე ლირის“ თეატრალური ცხოვრება, რომელიც დღევანდელ დღემდე აინტერესებს, აღელვებს და იზიდავს მაყურებელს, რეჟისორებს, მსახიობებს ეტც.

შექსპირის ლირი არის წინარომაული პერიოდის ბრიტანეთის (IX-VIII- საუკუნეები ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ლეგენდარული მეფე.
შექსპირის დრამის თავფურცელზე მოქმედი გმირების ჩამოთვლისთანავე ვკითხულობთ: მოქმედების ადგილი – ბრიტანია, დრო - ლეგენდის თანახმად IX საუკუნე ჩვ. წ. აღ.-მდე, ჰოლინშედის თანახმად სამყაროს შექმნიდან 3105 წელი).
 მაგრამ დრო შექსპირთან პირობითობაა, მეტიც, ის აბსოლუტური და უნივერსალურია იმ გაგებით, რომ ნებისმიერ ეპოქას შეიძლება მიესადაგოს.
პირობითობად უნდა აღვიქვათ ალბათ მოქმედების ადგილიც, რადგან ასეთი ტრაგიკული კოლიზია ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც შეიძლება მოხდეს.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე 2016 წელს (შექსპირის გარდაცვლებიდან ზუსტად 400 წლის შემდეგ) თამაშდება შექსპირის „მეფე ლირი“ ყველა ამ პირობითობის გათვალისწინებით.
რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ შესანიშნავი ინტონაციური გასაღები მონახა ამ მაღალი ტრაგედიის მაღალ დონეზევე შესანარჩუნებლად.
მისი რეჟისორული კონცეფცია სივრცის ათვისებით იწყება. სცენაზე დგას კონსტრუქცია, რომელიც ისეთივე პირობითია, როგორც მოქმედების დრო, ადგილის მხრივ კი გერმანიკულ და რომანულ სამყაროზე მიგვანიშნებს. ამ მოძრავ და უაღრესად ელასტიურ კონსტრუქციას გოთიკური და რომანული ტაძრების კონფიგურაცია აქვს. იგი შეიძლება აღვიქვათ როგორც სასახლედ, ასევე ცენტრალური ევროპის რომელიმე ქრისტიანულ ტაძრად, თუმცაღა ვიცით, რომ „მეფე ლირი“-ს მოქმედება წინაქრისტიანულ ეპოქაში ხდება და საერთოდაც, ამ პიესის ტექსტში სიტყვა „ღმერთი“ სულ ხუთიოდჯერ თუ არის ნახსენები (ისიც განზოგადებული მნიშვნელობით, და არა კონკრეტულით), განსხვავებით სიტყვისიგან „ბუნება“, რომელიც 41-ჯერ არის მოსხენიებული. რეჟისორმა ამაშიც დაინახა დიდი მხატვრული პირობითობა: კონსტრუქცია ხან წინა პლანზეა (როდესაც სასახლის ან ციხე-კოშკის ინტერიერის გამოსახვაა საჭირო), ხან უკანაზე (როდესაც ღია სივრცის ჩვენებაა საჭირო - ქარიშხლის სცენა, ფინალში არაჩვეულებრივად ლაკონური და მეტყველი ბატალური სცენა).
ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია სპექტაკლის ტემპო-რიტმიკა, რომელსაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის უაღრესად სადა, მაგრამ მკვეთრი და კონტრასტული მუსიკალური გაფორმება.
ვისარგებლებ შემთხვევით და დავასახელებ შესანიშნავ სადადგმო ჯგუფს:
მხატვარი – შოთა გლურჯიძე, მუსიკის ავტორი – ერეკლე გეწაძე, სასცენო მოძრაობა – კახა ხოშტარია, რეჟისორის ასისტენტი – სოფო ორჯონიკიძე, ტექნიკური რეჟისორი – ელენე მონასელიძე.

სპექტაკლის ტემპო-რიტმი სრულ ჰარმონიაშია შექსპირის ტექსტში აღწერილი მოქმედებების დინამიკასთან. საერთოდ უნდა ითქვას, რომ შექსპირი დრამატურგიულ ხდომილებათა სისწრაფის დიდოსტატია. განსაკუთრებით ეს ჩანს „მეფე ლირში“ მაშინ, როდესაც ედმუნდი არწმუნებს გლოსტერს ედგარის ღალატში, და ედგარს კი იმაში, რომ მამამისს უნდა გაექცეს. ეს ყოველივე ისე იოლად და სწრაფად გამოსდის ედმუნდს (მე უფრო ვიტყოდი შექსპირს), რადგან თუკი ედმუნდის ინფორმაციის ადრესატი პერსონაჟი მეტ დროს დაუთმობდა ამ ინფორმაციას, აუცილებლად მიხვდებოდა ედმუნდის არგუმენტაციის უსაფუძვლობას. ეს რომ არ მოხდეს, შექსპირი-აუქტორი გლოსტერსაც და ედგარსაც დაუყოვნებლივ დააჯერებს ედმუნდის რჩევების სიმართლეში და ისინიც შესაბამისად იქცევიან: ერთი კანონიერ შვილს მოღალატედ გამოცხადებს, მეორე კი დაიჯერებს, რომ უნდა გაიქცეს, თუმცა არავითარ შეთქმულებაში და თავდასხმაში თავის ძმაზე მინაწილეობა არ მიუღია. გამოვყოფდი ედმუნდის და ედგარის როლების შემსრულებლებს – გიორგი ყიფშიძეს და პაატა ინაურს. გ. ყიფშიძის ედმუნდი თავის თვისებას დასაწყისში სტატიკური ატიტიუდით გამოხატავს, ხოლო შემდეგ კი სცენური მოძრაობითა და მეტყველებით, მაგრამ ყოვლგვარი გადამეტებული დეკლამაციის გარეშე. ასეთივე „სადაა“ თავის თითქმის უსიტყვო კაპიტულაციაში პაატა ინაურის ედგარი. მაგრამ იგი თანდათან გარდაიქმნება, შინაგან ძალებს და რწმენას იკრებს, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დარწმუნებულობას იძებს, რადგან გრძნობს, რომ ლირს და გლოსტერს მასზე გაცილებით მძიმე ბედი ერგოთ სასჯელის სახით. Aამიტომ ედგარი ვითომდაც ტომი ბედლამიდან (ანუ უპოვართა საგიჟეთიდან) ეხმარება ორივეს. არაჩვეულებრივია პაატა ინაურის პლასტიკა და სცენა ლირთან – „პილიკოკი ჩამომჯდარა პილიკოკის მთაზედა – ეეე---უუუ!!!!“
ასევე არაჩვეულებრივ აქტიორულ ანსამბლს ქმნიან გონერილის და რიგანის შემსრულებელი მსახიობები – ნანუკა ლითანიშვილი და მაია გელოვანი. ამ შემთხვევაშიც მსახიობები შექსპირული ტექსტის ინტონირების ერთგულნი რჩებიან და არაფერი ზედმეტად მანერული არ შემოაქვთ თავიანთი გმირების მეტყველებასა თუ ქცევაში. ამ ზომიერების დაცვა ოსტატობაზე მეტყველებს.
ეპიკური გმირის ტიპს განასახიერებს აკაკი ხიდაშელი – გლოსტერი. დამაჯერებლები არიან თავიანთ როლებში ნიკა წერდიანი (კორნუოლი), თემო ნატროშვილი (ალბანი) და იმედა არაბული (კენტი).
ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი გონერილის მსახურის ოზვალდის სახე, რომელსაც ჩინებულად ასრულებს ვანო დუგლაძე. სხვათა შორის, ზურაბ გეწაძის რეჟისორული კონცეფციის თანახმად, სწორედ ოზვალდი ახრჩობს მასხარას. საქმე ის გხლავთ, რომ შექსპირული ტექსტიდან მასხარა მესამე მოქმედების შემდეგ აღარ ჩანს. და ვერ ვიგებთ, თუ რა დაემართა. ამიტომ რეჟისორებისთვის ეს მუდამ ექსპერიმენტის საგანი ხდებოდა, თუ როგორ „გააქრობდნენ“ ანუ გაიყვანდნენ მასხარას სპექტაკლიდან. მაგალითად რობერტ სტურუას სპექტაკლში მასხარას (ჟანრი ლოლაშვილს) თვითონ ლირი (რამაზ ჩხიკვაძე) კლავს. შემდეგ კი ეს უკვე მკვდარი მასხარა დგება და თავისი ფეხით გადის სცენიდან. ზურაბ გეწაძის დადგმაში კი ეს ოზვალდია, რომელიც ჩუმად მიეპარება ჩაძინებულთ და ვანო თარხნიშვილის მიერ დიდებულად შესრულებულ მასხარას ყელში ყულპს წაუჭერს. ფინალში ამავე მეთოდით ცდილობს ოზვალდი ედგარის მოკვლასაც, ოღონდ ამჯერად ბედი არ გაუღიმებს და თავადვე გახდება თავისი გამოგონების მსხვერპლი. მასხარა კი, როგორც უკვე აღვნიშნე, არაჩვეულებრივად შეასრულა ვანო თარხნიშვილმა. საერთოდ მასხარას სახე საოცრად მნიშვნელოვანია ამ ტრაგედიაში, რადგანაც ის წარმოადგენს ლირის ერთგვარ ანარეკლს, აჩრდილს, ანტიპოდს, და ამავე დროს მის ერთგულ მეგზურსა და მსახურს.
შექსპირის „მეფე ლირის“ ტექსტი სავსეა დიქოტომიებითა და ანტინომიებით.
თუ ამ დიქოტომიებს სემანტიკურ სიღრმეზე განვიხილავთ, მაშინ ამგვარ სტრუქტურას მივიღებთ:
ჭკვიანი/გონიერი არის სულელი/გიჟი – ლირი („Reason in Madness“ – გონიერება სიგიჟეში)
სულელი –ჭკვიანია – მასხარა (Wisdom –in-Folly – სიბრძნე სისულელეში)
მხედველი – ბრმაა - გლოსტერი, (გარკვეულწილად – ლირიც)
ბრმა – მხედველია - გლოსტერი
„სიტყვა საქმეს სცილდება“ – გონერილი და რიგანი
ღარიბი მდიდარია – ედგარი, კორდილია
მდიდარი ღარიბია – ლირი.
ყველა მომხვეჭელი და მლიქვნელი მარცხდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მარცხდება მათი საქმეც.
ფიზიკური სიკვდილი არ ნიშნავს მარადიულ სიკვდილს, დავიწყებას.
ლირი და კორდილია – დასაწყისში ერთმანეთისგან დაშორებულები, დასასრულს ერთად არიან. მათ ვეღარავინ დააშორებს.
ან რითი დაიწყო ეს ტრაგედია? რა არის მისი აღმოცენების მიზეზი?
მოხუცმა მეფემ გადაწყვიტა დათმოს თავისი გვირგვინი, ძალაუფლება და მიწები და დაურიგოს ისინი თავის ქალიშვილებს, ოღონდ ერთი პირობით: თითოეულმა მათგანმა მას სიტყვიერად უნდა აუხსნას საჯაროდ სიყვარული. ვისი ნათქვამიც უფრო მოეწონება, ის უფრო კარგ მიწებს მიიღებს. და მოხდა ის, რაც მოხდა:
გონერილი და რიგანი, რომლებისთვისაც ამ სიტყვების თქმა არა მხოლოდ უბრალოდ ვარჯიშია ვერბალურ ელოკვენციაში, არამედ საწადელი ძალაუფლების ხელში ჩაგდების ინსტრუმენტი, ძალღონეს არ იშურებენ ეპითეტებში. უმცროსი კი – კორდილია ამბობს: - არაფერს. "my love’s more ponderous than my tongue"-„მე ვარ მდიდარი გულწრფელითა სიყვარულითა, რომელიც სიტყვით კმაზულს გრძნობას გარდემატების“.
მოხუცი მეფე (როგორც ქრონიკებიდან ვიცით, მან 60 წელი იმეფა) მიჩვეულია, რომ მის ყველა სურვილსა და ბრძანებას უპირობოდ ასრულებენ. კორდილიასგან ასეთი მოკლე და სადა, ჩვეულებრივი პასუხი რომ მიიღო, გაუკვირდა. თუ კორდილია გულწრფელია თავის სიტყვებსა და საქციელში, ლირიც გულწრფელია თავის გაოგნებაში. მაგრამ ის არაადეკვატურია თავის განაჩენში – კორდილიას გარიყვასა და მისთვის მიწების წართმევაში. ეს არაადეკვატურობა კი მისი ჩვევებიდან გამომდინარეობს. ის მიჩვეულია პირფერობას და არ არის მიჩვეული გულახდილობას. ამან „დააბრმავა“ და „დააყრუვა“ იგი. აი, ეს არის ამ ტრაგედიის დასაბამი და ძირითადი საბაბი თუ მიზეზი. დანარჩენი მოვლენები და პერსონაჟების ხასიათების გახსნა კი გზადაგზა გვიჩვენებს ცხოვრების დაუნდობელ დინებას. მით უფრო ჩუმ ტრაგიზმს აღწევს პიესის ფინალი, მით უფრო დიდია მისი მოქმედება მაყურებელზე (მკითხველზე).
ეს ლირიკული ტრაგიზმი სათუთად ააჟღერა ზურაბ ყიფშიძემ, რომლის თამაში თითქოს თამაშიც არ იყო – ის იყო ლირი.
მისი შემოსვლა სცენაზე თითქოს პომპეზური იყო, მაგრამ ამავე დროს სრულიად ბუნებრივი და მშვიდი (ამ სირბილითა და ბუნებრივობით თითქოს იარვეტის ლირის პირველი გამოჩენა გამახსენა გრიგორი კოზინცევის ცნობილი ფილმიდან). ზურაბ ყიფშიძის ლირი პირველ მოქმედებაში არის თავნება და ეგოცენტრიკოსი ადამიანი, თავმომწონე და სულგრძელი. მაგრამ ის საოცრად ემოციურია პირველივე შეჯახებისთანავე რეალობასთან – კორდილიას პასუხი მას თითქოს გამოაფხიზლებს. ზურაბ ყიფშიძის მეტყველება, მისი უნიკალური ხმის ტემბრი და დიქცია თითქოს ბუნებრივად შეერწყა შექსპირის ლირის ურთულეს და უნატიფეს ტექსტს, რომლის (ტექსტის) წაკითხვის ტემბრალური შეფერილობა მსახიობმა საოცრად სწორად და გააზრებულად შეუხამა თითოეული პასაჟისა და სიტყვის სემანტიკას. შექსპირის ამ ნაწარმობის ტექსტუალური სემანტიკა ძალზე ღრმა და მრავალფეროვანია.
არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ ტექსტის ანალიზის ერთ მცდელობას. ეს გახლავთ ჟან-ლიუკ გოდარის 1987 წელს გადაღებული ფილმი „მეფე ლირი, გამოკვლევა“. ფილმის ჟანრი - ფარსი+დრამა+ფენტეზი. მხოლოდ გოდარს და მხოლოდ ამ ჟანრში შეეძლო სქემად ექცია და სემებად დაეშალა შექსპირის „მეფე ლირის“ ტექსტუალური ქსოვილი. Aმეც ერთგვარი კვლევა ჩავატარე ამ ფილმისა და შედეგად გთავაზობთ გოდარის კვლევის სქემას:
1. შიში და სიძულვილი – Fear and Loathing
2. Aარა რა/ არა საგანი – არაფერი -No Thing
3. განწმენდა/გარკვევა/განათება – A Clearing
 4. ზნეობა ძალაუფლების წინააღმდეგ- Virtue vs Power
5. ზნეობა და ძალაუფლება - Power and Virtue
6. არა რა / არა საგანი – არაფერი – No Thing
7. 3 მოგზაურობა „მეფე ლირში“– 3 Journees in to King Lear
8. ეს მონაკვეთი კონკრეტული პოეზიის ნიმუშს წარმოადგენს:
Hear – Lear – No Thing
Hear
No
Lear
Thing:
9. ზნეობა და ძალაუფლება – Power and Virtue
10. ზნეობა ძალაუფლების წინააღმდეგ – Virtue vs Power
11. შიში და სიძულვილი – Fear and Loathing
12. „მეფე ლირი“ – გამოკვლევა – King Lear. A Study
 13. შიში და სიძულვილი – Fear and Loathing
14. განწმენდა/გარკვევა/განათება – A Clearing
15. შიში და სიძულვილი – Fear and Loathing
16. დასასრული – The End
17. განწმენდა/გარკვევა/განათება – a cLEARing
18. „მეფე ლირი“ – გამოკვლევა – King Lear. A Study

აქედან ჩანს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გოდარი გამეორებას, ვარიაციას სემებისა - შიში, სიძულვილი, ძალაუფლება, ზნეობა, განწმენდა, კორდილიას მთავარი სიტყვის გამეორებას - არაფერს, რომელიც გოდარმა დაშალა როგორც „არა რა, არა საგანი“ (სხვათა შორის, ივანე მაჩაბლის და ილია ჭავჭაძისეულ თარგმანში არქაული ფორმით სწორედ ეს ვარიანტია მოცემული – „რას იტყვი? – არარას“.)
და არსად არის სიტყვა – სიყვარული.
მეფე ლირის ტრაგედიის მიზეზიც ხომ სწორედ სიყვარულის დეფიციტია (ვერ ვიტყვი მისი არ არსებობა, რადგან ლირს, კორდილიას, ედგარს, გლოსტერს, და კენტს ეს გრძნობა ამოძრავებთ).
ზურაბ ყიფშიძის ლირს უყვარს კორდილია, ასევე კორდილიასაც უყვარს მამამისი. სხვათა შორის, კორდილიას როლი ბრწყინვალედ შეასრულა კატო კალატოზიშვილმა. მისი პირველივე გამოჩენა ძალზე საგულისხმო აღმოჩნდა: სანამ ყველანი ლირის გამოჩენას ელიან და ჯარისკაცებივით დარაზმულები ეწყობიან, კორდილია თამაშით არის გართული და იგვიანებს. მას თეთრი კაბა აცვია. ის ელოდება საქმროსთან შეხვედრას. გარდა ამისა, საყვარელი მამისგან არ ელის რაღაც განსაცდელს. კორდილია სრულიად ტრანსპარენტული, გამჭვირვალეა თავის გრძნობებსა და ქცევებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ან იცნობს თავის დებს. ფინალშიც მისი ტანისამოსი თეთრია.
გოდარის გამეორების ტექნიკას მივმართავ და კიდევ ერთხელ დავუბრუნდები უკვე დაწერილ პასაჟს:
მოხუცი მეფე (როგორც ქრონიკებიდან ვიცით, მან 60 წელი იმეფა) მიჩვეულია, რომ მის ყველა სურვილსა და ბრძანებას უპირობოდ ასრულებენ. კორდილიასგან ასეთი მოკლე და სადა, ჩვეულებრივი პასუხი რომ მიიღო, გაუკვირდა. თუ კორდილია გულწრფელია თავის სიტყვებსა და საქციელში, ლირიც გულწრფელია თავის გაოგნებაში. მაგრამ ის არაადეკვატურია თავის განაჩენში – კორდილიას გარიყვასა და მისთვის მიწების წართმევაში. ეს არაადეკვატურობა კი მისი ჩვევებიდან გამომდინარეობს. ის მიჩვეულია პირფერობას და არ არის მიჩვეული გულახდილობას. ამან „დააბრმავა“ და „დააყრუვა“ იგი. აი, ეს არის ამ ტრაგედიის დასაბამი და ძირითადი საბაბი თუ მიზეზი. დანარჩენი მოვლენები და პერსონაჟების ხასიათების გახსნა კი გზადაგზა გვიჩვენებს ცხოვრების დაუნდობელ დინებას.
მით უფრო ჩუმ ტრაგიზმს აღწევს პიესის ფინალი, მით უფრო დიდია მისი მოქმედება მაყურებელზე და მკითხველზე.
ეს ლირიკული ტრაგიზმი სათუთად ააჟღერა ზურაბ ყიფშიძემ, რომლის თამაში თითქოს თამაშიც არ იყო – ის იყო ლირი.
დიახ, ყველა სცენაში, ექსპოზიციაში, ქარიშხლის სცენაში, სიგიჟის სცენაში, ფინალში – ზურაბ ყიფშიძემ ყველგან დაგვარწმუნა, რომ ის ლირია.
იმაში კი, რომ ჩვენ მართლაც შექსპირის „მეფე ლირს“ ვუყურებთ სცენაზე, დაგვარწმუნა როგორც რეჟისორ ზურაბ გეწაძის კონცეფციამ და მსახიობების მთელმა ანსამბლმა, ასევე მანანა ანთაძის არაჩვეულებრივმა ახალმა თარგმანმა, რომელიც ძალზე ბუნებრივად და თანამედროვედ ჟღერს და რომელსაც დღევანდელ ქართველ მაყურებელთან უფრო ახლოს მოაქვს გენიალური შექსპირის გენიალური ტექსტის საზრისიც და მელოსი.








Image may contain: 1 person, text