7 პ.პ.
(შვიდი პატარა პიესა)
ინფორმაცია
პრესა
ბილეთის შეძენა

ლაშა ბუღაძე


7 პ.პ.
(შვიდი პატარა პიესა)


რეჟისორი : ზურაბ გეწაძე

სცენოგრაფი: შოთა გლურჯიძე

კოსტუმების მხატვარი: ნინო ქორიძე, მარიამ ქორიძე

მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გეწაძე 



მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ე ნ: გიორგი ყიფშიძე, რუსუდან ბოლქვაძე, ნანუკა ლითანიშვილი, ნათია ფარჯანაძე, ეკა ჩხეიძე, ნანა შონია, ნიკა წერედიანი, ლია კაპანაძე, ვანო თარხნიშვილი, თემო ნატროშვილი, ქეთი ასათიანი, მაია გელოვანი, ზურაბ გეწაძე.



სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთ

/ერთ მოქმედებად/

პრემიერა შედგა: 13.01.2010





ლაშა ბუღაძის ნულოვანგანზომილებიანი პერსონაჟები

გიგი თევზაძე

ლაშა ბუღაძე " 7 პ პ ". რეჟისორი - ზურაბ გეწაძე; მხატვარი - შოთა გლურჯიძე; კოსტუმების მხატვრები - ნინო და სოფო ქორიძეები;  მონაწილეობენ: ქეთი ასათიანი, რუსიკო ბოლქვაძე, მაია გელოვანი, ვანო თარხნიშვილი, ლია კაპანაძე, ლალი კეკელიძე, თემო ნატროშვილი, ნათია ფარჯანაძე, გიორგი ყიფშიძე, ნანა შონია, ეკა ჩხეიძე, ნიკა წერედიანი).


გუშინ თუმანიშვილის სახელობის თეატრში ლაშა ბუღაძის „7 პ.პ.“ (შვიდი პატარა პიესა) ვნახე. პიესა საინტერესოა და რეჟისორული ნამუშევარიც კარგია. „კარგიას“ იმიტომ ვწერ, რომ ე.წ. „თეატრალი“ არ ვარ და ცოდნა, რომელიც საქართველოში განხორციელებულ სხვა დადგმებთან შედარების საშუალებას მომცემდა, არ მაქვს. ამ ბოლო წლებში მხოლოდ ერთი სპექტაკლი მაქვს ნანახი, ისიც ძალიან ცუდი - რუსთაველის თეატრში დადგმული ”ჯარისკაცი, ანგელოზი, დაცვის ბიჭი, პრეზიდენტი და...”. იმედი მაქვს, რომ ის „ძალიან ცუდი“ გამონაკლისია, ხოლო „7 პ.პ.“ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე გამონაკლისი არ არის.

ახლა რაც შეეხება თვითონ სპექტაკლს. ის, მართლაც, შვიდი პატარა პიესისაგან შედგება და შვიდივე პიესა ქართულ საზოგადოებას აღწერს. იმისათვის, რომ გადმოგცეთ, რა დავინახე ამ აღწერებში, ცოტა შორიდან, იმ დროიდან უნდა დავიწყო, როდესაც „7 პ.პ.“-ს ავტორი დაბადებულიც არ იყო:

1964 წელს დაიბეჭდა ჰერბერტ მარკუზეს წიგნი „ერთგანზომილებიანი ადამიანი“, რომელიც მალევე გახდა ჰიპური და ნონ-კონფორმისტული მოძრაობის ფილოსოფიური საყრდენი. ამ წიგნში მარკუზე ამბობდა, რომ თანამედროვე ადამიანი ერთგანზომილებიანია (ორივეგან, როგორც „თავისუფალ დასავლეთში“, ასევე საბჭოთა კავშირში) და ამ ერთგანზომილებიანობას განსაზღვრავს ყალბი საჭიროებების (needs) პროდუცირება. შედეგად, ადამიანი თავისუფალია მხოლოდ საქონლის (goods) არჩევაში და ყიდვაში. ამ ერთგანზომილებიანობას ქმნის ინდუსტრია, რომელიც იმდენად შეჭრილია ყოველი ადამიანის ყოველდღიურ ყოფაში, რომ ადამიანს წარმოების ჯაჭვის ჭანჭიკად აქცევს. აქცევს ისე, რომ მას უვითარდება ყალბი სურვილები, ყალბი წარმოდგენები, ყალბი ვნებები; და ეს ყველაფერი ინდუსტრიულ ჯაჭვში იწარმოება, ისევე როგორც ჩვეულებრივი ნივთი. (ნახეთ თანამედროვე კანადელი რეჟისორის, თეოდორ უშევის მიერ მარკუზეს ამ წიგნის მიხედვით შარშან გადაღებული ანიმაცია Drux Flux , http://www.nfb.ca/film/drux_flux_en ).

მარკუზეს ამ წიგნის შესახებ ბევრი გარჩევა/კრიტიკაა დაწერილი. ისევე როგორც რუთ ბენედიქტს, როდესაც ის იაპონიას აღწერდა „ქრიზანთემა და ხმალში“ (იხ. “ქართული HAJI: საქართველოს საზოგადოების დანაშაული და სირცხვილი“ ), მარკუზესაც არ ქონდა საშუალება ემუშავა საბჭოთა კავშირში და ის მხოლოდ საბიბლიოთეკო და მასმედიიდან მიღებული წყაროებით იფარგლებოდა. შესაბამისად, რამდენადაც ის ზუსტია (მის მიერვე დაწესებული კრიტერიუმების მიხედვით) „დასავლეთის კაპიტალისტურ-ინდუსტრიული საზოგადოების“ აღწერაში, იმდენად ზოგადია საბჭოთა კავშირის მიმართ. საქმე კი იმაშია, რომ საბჭოთა კავშირში ინდუსტრიულ ერთგანზომილებას საბჭოთა იდეოლოგიის მანქანის მიერ შექმნილი სურვილების და ვნებების ფაბრიკაც ახლდა. შესაბამისად, ჩვენი ერთგანზომილებიანობა საბჭოთა კავშირში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორჯერ და მეტჯერ უფრო ერთგანზომილებიანი იყო, ვიდრე დასავლეთში. ანუ, ჩვენში არანაირი განზომილება არ არსებობდა. ჩვენ ნულოვანი განზომილების საზოგადოებაში ვცხოვრობდით. ამაზე ახლა მსჯელობას არ გავავრცელებ, მაგრამ შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს თუნდაც მუსიკა - ის ნონ-კონფორმისტული მუსიკა, რომლიც იწარმოებოდა საბჭოთა კავშირში (ვისოცკი, ოკუჯავა, გალიჩი, დდტ და ა.შ.), დასავლელი 60-იანელების შემოქმედებას - ვუდსტოკის მონაწილეებისას (ჯო კოკერი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი...) და მათაც, ვინც არ მონაწილეობდა (ბითლზი, ბობ დილანი, ლედ ზეპპელინი და ა.შ.). ნახავთ რა პრიმიტიული და შეძრწუნებამდე ნულოვანგანზომილებიანია (მუსიკითაც და ტექსტიტაც) საბჭოთა პოეტების და მუსიკოსების შემოქმედება მათ „დასავლელ“ თანამედროვეებთან შედარებით. საბჭოთა კავშირი პირდაპირ აწარმოებდა და ავრცელებდა ქცევის და სურვილების ფორმებს, რის შედეგადაც ყოველდღიურ ცხოვრებაში განზომილებები გაქრა - აღარ არსებობდა წერტილი, საიდანაც საზოგადოების ფენების და შრეების ერთმანეთისაგან განცალკევებული დანახვა შეიძლებოდა: ყველაფერი ერთმანეთზე იდო და გადადიოდა ერთმანეთში - სიყვარული, აზროვნება, მუშაობა, მეგობრობა, წარმოსახვა, ხელოვნება და ა.შ.

ლაშა ბუღაძის „7 პ.პ.“-ს მიერ შექმნილი ინტელექტუალური გამოწვევაც სწორედ ეს არის: ის აღწერს ნულოვანგანზომილებიან საზოგადოებას. ოღონდ ინდუსტრიის და იდეოლოგიის, ანუ, „ყალბი სურვილების და ვნებების“ მწარმოებლის ადგილს ამ პიესაში ჩვენს საზოგადოებაში არსებული ტრადიციები იკავებენ. პიესიდან ჩანს, თუ როგორც ახორციელებენ ეს ტრადიციები ტერორს, არანაკლებს, ვიდრე საბჭოთა კავშირში ნკვდ და კგბ აკეთებდა. ამიტომ ეს პიესები, მათი სასაცილოობის მიუხედავად, ანდა, სწორედ იმიტომაც, რომ სასაცილოები არიან, ტრაგიკულია. ტრაგიკულია იმიტომ, რომ ნაჩვენებია, როგორ მბრძანებლობენ ტრადიციები ადამიანებზე და როგორ „ანულებენ“ მათ: ნულოვანობის შედეგი კი ტკივილის მიყენებაა, მაგრამ ნულოვანი ადამიანების უმეტესობა ბუღაძის პიესაში, როგორც ტკივილის მიმყენებელი, ასევე მიმღები - ამას, როგორც წესი, ვერ გრძნობს. ტრაგიკულია, როდესაც ცოლი ქმარს (რომელიც როგორც შეუძლია უყვარს) ომში დაღუპვას სთხოვს, ასევე - როდესაც დედა ვერ გამოდის სტერეოტიპული წარმოდგენებიდან და ბავშვს მანიაკ გადიას (კინაღამ) უტოვებს, ასევე - როდესაც ქცევა-წარმოდგენის ტრადიციებისადმი მორჩილებას სტუმარი მასპინძლის შვილის ცემამდე მიჰყავს, ან - [როგორც ჩანს] ქალაქელი ცოლის მცდელობა პროვინციელი ქმარი რაც არ უნდა დაუჯდეს ბომონდის ნაწილი გახადოს და ამ მცდელობაში კინაღამ არ კლავს ცემით.. ნულოვანი განზომილების შედეგია ისიც, რომ ამ პიესაში ყველაფერი „თითქმის“ ხდება - თითქოსდა ტრაგიკული ფინალისკენ მიმავალი მოქმედება არასდროს არ მთავრდება ტრაგიკულად. ნულოვანგანზომილებიან სამყაროში მოქმედების შედეგიც ყოველთვის ნულია.

ბუღაძის პიესაში ტრადიციები მეფობენ, მართავენ და აწარმოებენ ყველაფერს, და ადამიანი ამ ტრადიციების განხორციელებაში ჭანჭიკზე უფრო მეტ როლს არ ასრულებს. ისინი ტრადიციების დიდი წარმოების შემადგენელი პატარ-პატარა, მოსიარულე ტრადიციები არიან. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ტრადიციების ამ დიქტატურაში საკუთარი თავი შეინარჩუნოს, ბავშვებია. ისინი ჯერ კიდევ „ბუნებრივად“ აღიქვავენ გარემოს და „საკუთარი სურვილებიც“ ჯერ-ჯერობით აქვთ. ბავშვი, რომელიც  ტირილს მორთავს, როცა ბებიის ბოდვა, შვილიშვილს რომ კარგ და ღირსეულ ცხოვრებას უსურვებს, ქილერობის სურვებაში გადაიზრდება, ქართული ქეიფის დროს სტუმრების მოთხოვნით გაღვიძებული ბავშვი, რომელიც მამას მექრთამეს და კაგებეშნიკს ეძახის მოსალოდნელი, დედის „საყვარლად“ შეგინების ნაცვლად, და ა.შ., ბავშვების ჯერ-კიდევ-ტრადიციად-არქცევის-უნარს მიუთითებს.

მსახიობები კარგად თამაშობენ. ზოგიერთები - ბრწყინვალედ (ამის გაგების უნარი  მაქვს - კინოებს ვუყურებ). რამდენად სწორია ლაშა ბუღაძის მიერ საკუთარი საზოგადოების აღწერა, ამას ადვილად შევამოწმებთ: თუკი ეს დადგმა რამდენიმე ათეულ ჩვენებას გაუძლებს (იმედი მაქვს) და თუკი ჩვენი საზოგადოება ასე გარდაუვლად და უპირობოდ ნულოვანგანზომილებიანია, სცენაზე წარმოდგენა აუცილებლად დაკარგავს ტრაგიკულობის შრეს და გადაიქცევა მხოლოდ კომედიად, რომელიც მხოლოდ მაყურებლის გაცინებაზე იქნება მიმართული. თუ შეინარჩუნებს გუშინ მე რომ ვნახე იმ დონეს - მაშინ ჩვენ ტრადიციების დიქტატურიდან, საკუთარი თავის ნულოვანგანზომილებიანობიდან თავის დაღწევის რაღაც შანსი კიდევ გვაქვს.



http://azrebi.ge/index.php?pid=1008




მხოლოდ "7 პ პ" ძველი "25 პ პ"-დან

24 დეკემბერი, 2009


http://www.24saati.ge/news/story/2104-mkholod-7-p-p-dzveli-25-p-p-dan


თუმანიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან

ნუ დავიბნევით! საქმე იმ შვიდ პატარა პიესას ეხება, რომელიც ამჯერად უკვე მსახიობმა და რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ სპექტაკლისთვის იმ 25 პატარა პიესას შორის ამოარჩია, რომლებიც ლაშა ბუღაძემ 10 წლის წინ დაწერა და 2006 წელს წიგნად გამოსცა. ზურაბ გეწაძემდე ბუღაძის ამ დრამატურგიული ოპუსებით ჯერ "მხატში" დაინტერესდნენ, შემდეგ რუსთაველის თეატრში. როგორც ერთგან, ისე თბილისში სპექტაკლები შედგა. მართალია, 25 პიესას შორის არჩევანს ყველა თავისებურს და თავისებურად აკეთებდა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ლაშა ბუღაძის ეს მცირე ზომის, დაახლოებით ხუთწუთიანი ტექსტები რეჟისორებსაც იზიდავს და მკითხველსაც, რომელმაც თავის დროზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის "25პპ" სულ სიცილ-ხარხარით ჩაიკითხა.

25, 26 და 27 დეკემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი 2009 წლის თეატრალურ სეზონს პრემიერებით დაასრულებს. ზურაბ გეწაძეს, რომელმაც ეჟენ იონესკოს ერთ-ერთი "მელოტი მომღერალი ქალის" დადგმით, უკვე როგორც რეჟისორმა თავი ბევრს დაამახსოვრა, დრამატურგები კი თურმე დააიმედა, ქართულ თანამედროვე ტექსტებზე მუშაობით საზოგადოებასთან დიალოგში შესვლას აპირებს, ოღონდაც ერთი მიზეზით, მათი გამოფხიზლების სურვილით.

ვისაც ბუღაძის რამდენიმე, თუნდაც ნებისმიერი პიესა მაინც აქვს წაკითხული, კარგად მიხვდება, რომ ამ ტექსტების ინსცენირებით საზოგადოების კრიტიკული მხარეების წარმოჩენა, თუ როგორც რეჟისორმა აღნიშნა, მისთვის სილის გაწნა, რთული მისაღწევი არ არის, საზოგადოების კრიტიკა თუ სხვადასხვა სოციალურ-მენტალური საკითხებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ ტექსტების უმთავრესი მისიაა. თუმცა საქმე არ გვაქვს უბრალოდ აგრესიულ, ეპატაჟურ და პლაკატურ ტექსტებთან, სულაც არა. ავტორს აქვს თავისი ენა, ღია სისტემა ქვეტექსტებით, წესებით და მოთხოვნებით, რომელთა დარღვევასაც ერთნაირად აპროტესტებს როგორც თავად ავტორი, ისე მისი ტექსტები, რომლებსაც გამძაფრებული კონკრეტიკისა და აქცენტების გამო, კონტექსტის შეცვლა იშვიათად თუ უხდებათ.

ვიცით, რომ ზოგადად დრამატურგები ითხოვენ სიზუსტეს ტექსტებთან მიმართებაში. თუმცა, ქართველ ავტორებს შორის ბუღაძე მაინც განსაკუთრებულად ითხოვს მისი საავტორო წესების დაცვას, არაერთი მისი კოლეგისგან განსხვავებით რეჟისორის მოთხოვნების თანახმად არ წერს სცენებს, დიალოგებს და სპექტაკლის შექმნის პროცესში გზადაგზა არ ასწორებს პიესას. რასაც ასე ხშირად აქვს ადგილი თანამედროვე ქართულ თეატრში, როცა რეჟისორი და დრამატურგი ერთად წერენ გარკვეულ ტექსტს და ერთმანეთს უთანხმდებიან. საერთოდაც, ლაშა ბუღაძისთვის ის ფაქტი, რომ მის პიესას დგამენ იმდენად მომხიბვლელი არ არის, რომ კომპრომისებზე წავიდეს. ტექსტების დამახინჯების, ანდა არასწორი ინტერპრეტირების გამო საყვედურებსაც ხშირად გამოთქვამს და თანაც ხმამაღლა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დრამატურგი თუმანიშვილის თეატრში პრემიერამდე რეპეტიციებს ესწრება, ვფიქრობ, რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ ავტორთან მჭიდრო თანამშრომლობის გზა აირჩია, თანაც ამბობენ რომ ასეთ ტანდემს ხიბლიც აქვს, მით უფრო დამწყები რეჟისორისთვის. ერთია მხოლოდ, ალბათ მსახიობები იტანჯებიან...

მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ბუღაძე რეპეტიციებს ესწრება, პრემიერამდე შთაბეჭდილებებს არ გვიზიარებს. მხოლოდ აღნიშნავს, რომ მისი აზრით, მსახიობებმა ჟანრს ჩაავლეს... "ზურას ვენდობი, იმის გათვალისწინებით თუ როგორ დადგა "მელოტი მომღერალი ქალი"." როგორც ჩანს, დრამატურგის მთავარ მოთხოვნას მაინც მიაგნეს, ანუ იმას, რომ ავტორის "აბსურდულ-პარადოქსული განსაზღვრებები არაფერს ნიშნავს და ტექსტები ისეთივე დამაჯერებლობით უნდა დაიდგას, როგორც სხვა ნებისმიერი რეალისტური ნაწარმოები." და არა ამ აბსურდის გამართლებით, ანდა აქცენტით, რომ სცენაზე მონათხრობი ამბავი არარეალისტურია და ამიტოამც იქ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა უნდა ანათებდეს, ან ანგელოზები დაფრინავდნენ, ანდა ისე იყოს ყველაფერი დამიწებული, რომ სცენაზე ძალიან კონკრეტულ პიროვნებათა კიჩადქცეული პროტოტიპები დარბოდნენ.

თუ ზურაბ გეწაძის დადგმის შემთხვევაში ასე არ ხდება, გამოდის რომ თანამედროვე ქართული თეატრის იუმორისტული (იუმორინასეული) ჟანრის წარმოდგენა არ გველის, რადაც აბსურდიც და კომედიაც თანამედროვე ქართულ თეატრში ხშირად ქცეულა. დანარჩენი კი პრემიერებზე გამოჩნდება. მაგალითისთვის შევიტყობთ იმასაც, თუ რატომ შეარჩია რეჟისორმა მაინც და მაინც აღნიშნული, მცირე მოცულობის პიესები. 7 ამბის გაერთიანება იყო გზა ახალი ფორმის საპოვნელად? თუ უბრალოდ - იოლი გზა. ამაზე პასუხს თავად წარმოდგენა გაგვცემს. თუმცა, ალბათ ლოგიკური იქნება შეკითხვა არჩევანის შესახებ თავად რეჟისორსაც რომ დავუსვათ, ლოგიკური კი იმიტომ, რომ რეჟისორის რჩეულ ავტორს ამ ბოლო წლებშიც არაერთი კარგი და საინტერესო პიესა აქვს დაწერილი, პიესა და არა სკეჩი.

ახალ დადგმაში მონაწილეობენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სხვადასხვა თაობის მსახიობები. ქეთი ასათიანი, მაია გელოვანი, ვანო თარხნიშვილი, ლია კაპანაძე, ლალი კეკელიძე, ნათია ფარჯანაძე, გიორგი ყიფშიძე, ნანა შონია, ნიკა წერედიანი, ეკა ჩხეიძე, თემურ ნატროშვილი. მათგან ზოგიერთი, თუნდაც ეკა ჩხეიძესა და თემურ ნატროშვილს ლაშა ბუღაძის პერსონაჟების ენა, ხასიათი და პარადოქსალურიბა აქამდეც გაუთავისებიათ. პრემიერაზე გიორგი ყიფშიძეს რეჟისორი შეცვლის, მსახიობის ავადმყოფობის გამო.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რუსუდან ბოლქვაძე, რომელიც არა მხოლოდ პიესების გმირია, არამედ მთხრობელიც. ის, ვინც ამ ამბებს ერთმანეთთან დაგვაკავშირებინებს.

სპექტაკლის მხატვარია შოთა გლურჯიძე, თუმცა კოსტიუმების მხატვრობა არა მას, არამედ ნინო და სოფო ქორიძეების ნამუშევარია. იმედი ვიქონიოთ, რომ სპექტაკლის ესთეტიკას რამდენიმე მხატვრის მიერ შექმნილი სცენოგრაფია ორგანულობას არ დაუკარგავს, რაც ასე ხშირია, მაშინ როცა დადგმა მხატვრულად ერთი ავტორის მიერ არ გახლავთ გააზრებული.