ყველა პროექტები მედია
28/09/2021
სეზონის გახსნა! პრემიერა!

კინომსახიობთა თეატრში ახალი სეზონი გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით - "მწვანე ბარათი"  იხსნება.

პრემიერა 8 და 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება!

„მწვანე ბარათი“ მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთობლივი მასშტაბური პროექტია. თემატიკის და სათქმელის აქტუალობიდან გამომდინარე, ის ერთგვარი სოციალური აქციაცაა, რომელიც ქართულ დიასპორას ეძღვნება.


სპექტაკლი ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას აღწერს, კონკრეტული დიასპორის _ აშშ–ში მცხოვრები ქართველების თავგადასავალის ფონზე. პიესა აგებულია რეალური, დოკუმენტური ფაქტების მიხედვით, რომლებიც ემიგრანტთა რთული ყოფის, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის, მონატრების და ადამიანური სისუსტეების სევდიან და მხიარულ ამბებს გვიყვებიან.
სპექტაკლში გამოყენებულია ქართული ფოლკლორისა და  კულტურის მარგალიტები _ ეროვნული ცეკვა და სიმღერა, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს და დაუვიწყარს ხდის მთელ სანახაობას.


სპექტაკლის წარმატების მთავარი მიზეზი კი ის მაღალპროფესიული შემოქმედებითი ჯგუფია, რომელიც მასზე მუშაობს.
ყველასთვის საყვარელ და პოპულარულ სამსახიობო თანავარსკვლავედთან ერთად, რომლებსაც მუდმივად ელიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები (ნინელი ჭანკვეტაძე, მზია არაბული, გია აბესალაშვილი), სპექტაკლში ახალი თაობის მსახიობებიც მონაწილეობენ. მათ ქართველი მაყურებელი უკვე კარგად იცნობს და ახლა ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტთა უპირობო აღიარება და სიყვარული ელოდებათ.


ემიგრაცია თანაბრად აქტუალური და მტკივნეული თემაა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობს და მუშაობს, არჩენს სამშობლოში დატოვებულ ოჯახებს და დიდწილად, ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად დღემდე ემიგრანტებისგან გადმოგზავნილი ფულადი რესურსი რჩება. ხოლო ის, თუ რის ფასად, რის ხარჯზე უწევთ მათ ამხელა მსხვერპლის გაღება, როგორ ცხოვრობენ, რას განიცდიან და ფიქრობენ თუ არა უკან დაბრუნებაზე, ხშირად ჩვენი საზრუნავის მიღმა რჩება.


ხელოვნება ვალდებულია, ასახოს ყველა ის აქტუალური პრობლემა, სოციალური თუ მენტალური სურათი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ადამიანური ისტორიები ქმნიან. სპექტაკლ „მწვანე ბარათის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა სწორედ ეს დაისახა მიზნად - დაეხატა ემიგრანტთა ყოფის რეალური სურათი, მათი შეცდომების თუ ღირსებების ნამდვილი მოტივაცია, ამის ფონზე კი წარმოეჩინა მთავარი სათქმელი _ თითოეული ემიგრანტი ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი შვილია, ის ისეთივე მნიშვნელოვანი წევრია ჩვენი საზოგადოებისა, როგორც აქ, სამშობლოში დარჩენილი მათივე ოჯახის წევრები, მეგობრები თუ ახლობლები. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ველოდებით მათ და ვცდილობთ, არ ჩავუკლათ უკანდაბრუნების სურვილი.
ეს სპექტაკლიც ამ სურვილს ეძღვნება.