თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
„ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“ /მ. თუმანიშვილი/
კინოსტუდია ‘ქართული ფილმის’ ბაზაზე 1975 წელს შეიქმნა და 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი უბრწყინვალესი რეფორმატორი რეჟისორი და უნიკალური პედაგოგი, მიხეილ თუმანიშვილი იყო, ხოლო ძირითადი ბირთვი კი „თუმანიშვილის სკოლის“ მოწაფეები, ექსპერიმენტული ჯგუფის სტუდენტები - რეჟისორები და მსახიობები.
დაიწერა უმკაცრესი ‘კანონთა კრებული,’ იმპროვიზაცია შემოქმედების ქვაკუთხედად იქცა და ფსიქო-ფიზიკური ვარჯიშებით დახვეწილი სპექტაკლები გაჩნდა აფიშაზე. „ჩვენს სცენას არა აქვს კულისები, არა აქვს ფარდა, როგორც ეს თეატრ ‘გლობუსში’ იყო. ავდივართ ცარიელ ფიცარნაგზე, როგორც ეშაფოტზე. ვიწვით, ვცდილობთ ვიკაშკაშოთ და ბოლომდე დავიწვათ. ზოგჯერ სინათლის ნაცვლად ჭვარტლი ვართ“ /მიხეილ თუმანიშვილი, 1994 წ. ლონდონი, შექსპირის საერთაშორისო ფესტივალი/
რეპერტუარი მუდამ ივსებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლებით, იყო ბევრი გასტროლები, საერთაშორისო ფესტივალები და დიდი წარმატება. რაც მთავარია, ეს მცირე ფორმის სტუდიური თეატრი მუდამ უყვარდა, სჭირდებოდა და ეამაყებოდა ქართველ მაყურებელს.
1996 წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა და კინომსახიობთა თეატრს მისი სახელი ეწოდა.
დღეს „თუმანიშვილში“ მისი მოწაფეები მოღვაწეობენ.
თეატრში ისევ ის ლიტნაწილია, ვინც თუმანიშვილთან ერთად მუშაობდა და რასაკვირველია, ისევ ის დასი, დიდი პედაგოგის გამოცდილება რომ გაიზიარა.
მათთან ერთად უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობა დგას სცენაზე. ისინი ადრეც გამუდმებით მოდიოდნენ და კვლავ მოდიან თეატრში. ანსამბლურობის პრინციპით, ყველანი ერთად ცდილობენ ‘ასახონ თანამედროვეობა’, გულწრფელად, საინტერესოდ ისუბრონ მაყურებელთან და არასოდეს არ დაივიწყონ, რომ „ სცენის ფიცარნაგი თუმცა ოდნავ, მაგრამ მაინც, უფრო ამაღლებული ადგილია, ვიდრე სხვა ყველაფერი“. და რომ ეს თეატრი სხვა თეატრებისაგან განსხვავებულია და ეს განსხვავება არ უნდა დაიკარგოს.
რეპერტუარში უწყვეტადაა გამორჩევით ხანდაზმული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ . თეატრი ცდილობს შეინარჩუნოს თუმანიშვილის „ჩვენი პატარა ქალაქი“. მათში თანდათან შედიან ახალგაზრდები, რათა ეზიარონ ძველ გამოცდილებას. იგრძნონ ატმოსფერო.
თეატრის აფიშა მრავალფეროვანია და საინტერესო. სიამოვნებით მოდიან უცხოელი რეჟისორები, მუშაობენ განსხვავებული მეთოდიკით და ქმნიან ახალ სპექტაკლებს; მიხეილ მარმარინოსის „მედეა-მასალა“, „ეროვნული ჰიმნი“ , „რომეო და ჯულიეტა“ , ჰილარი ვუდის „კაბა“, „კამინო რეალი“, „ჭირვეულის მორჯულება“, გაი მასტერსონის „ცხოველების ფერმა“, რომელმაც, ნამდვილი ფურორი მოახდინა ედინბურგის ფესტივალზე, ნინო ხარატიშვილის „მრისხანება“, მიკელე პანელას „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!“.
ქეთი დოლიძის მიერ 2015 წელს დადგმული ტენესი უილიამსის „ტრამვაი-სურვილი“, /ნინელი ჭანკვეტაძე ბლანშის როლში, ახალგაზრდების ფეიერვერკული ანტურაჟით/რომელმაც 2016 წლის ედინბურგის ფესტივალზე ხუთი ვარსკვლავის გარდა რეცენზიების ისეთი კასკადი მოიტანა, რომ თუმანიშვილის „დონ ჟუანის“ წარმატება მოაგონა მთელ ფესტივალს. ზურაბ გეწაძისეული შექსპირის „მეფე ლირი“ 2016 წ. /ზურაბ ყიფშიძე ლირის როლში ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად/ მაყურებლის უსაყვარლეს და ყველაზე პოპულარულ სპექტაკლად იქცა.
აღსანიშნავია 2018 წელს გიორგი სიხარულიძის მიერ დადგმული ბერტოლტ ბრეხტის "დედა კურაჟი". რეჟისორი ომის საშინელებას ორიგინალური სცენიური გადაწყვეტით ეხმიანება - „ომის მუზეუმი“ - ადგილით, სადაც თითქმის ყველა დროის ომის ამსახველი მასალა იქნება წარმოდგენილი, უამრავი ადამიანის, ქვეყნის ისტორია „ვიტრინაში“ გამოკეტილი. ომი, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა უკვე მუზეუმად იქცა.