ყველა პროექტები მედია
19/07/2023
უხერხემლო ( რეცენზია)

https://www.theatrelife.ge/uxerxemlo?fbclid=IwAR3tDCqRm1tBResIjG7UVInZgoxDis5NOyPx6dSpfixs4NnzZdX3dccx0ic

რეცენზიის ავტორი - ნუცა კობაიძე

ნინო: „პანაშვიდი და გასვენება ხომ სპექტაკლია,

ესენი კიდე ვერ იწყებენ სპექტაკლს.

ხალხი არ არის, ვისთვის უნდა იტირონ?“

 

სექსუალური უმცირესობების წინაშე არსებული კონფლიქტები და გამოწვევები საინტერესო და დამაფიქრებელია. მიხარია, რომ კულტურის სამინისტრო ხელს უწყობს და აფინანსებს სპექტაკლის იდეას, რამაც უნდა აამაღლოს ცნობიერება და ხელი შეუწყოს საზოგადოებას, იმ ინდივიდების პრობლემის სწორად გაგებაში, რომლებიც განიცდიან გენდერულ ცვლილებებს.

ალბათ, ალექს ჩიღვინაძის პიესა - „უხერხემლო“ ერთხელ უნდა დადგმულიყო და ისიც ზუგდიდის თეატრში (რეჟისორი: დავით თურქიაშვილი). თუ რეჟისორს რამე ახალი ხედვა არ აქვს, მაშინ რატომ უჩნდება სურვილი უკვე არაერთხელ დადგმული სპექტაკლის ხელახლა დადგმის?.. არ ვიცი, ამაზე არ მაქვს პასუხი. შეიძლება არსებობდეს სხვა მოტივი ან იმის განცდა, რომ თავისი ვერსია უკეთესი იქნება...


იოანე (ვანო) ხუციშვილი, რომ საინტერესო რეჟისორია ამაზე არავინ დავობს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის შემოქმედებაში არსებობს აღმასვლა, სტაბილურობა და დაღმასვლაც, ამაში საგანგაშო არაფერია, პირიქით ამ პროცესის გარეშე ვერც განვითარდები.


როცა რეჟისორმა „უხერხემლოზე“ დაიწყო მუშაობა - სკეპტიკურად განვეწყვე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს უკვე მეოთხე დადგმაა და მიმაჩნია განსაკუთრებული ან ღრმად გასაანალიზებელი თვითონ დრამატურგიაშიც არაფერია. ჩიღვინაძე აღწერს შინაგან კონფლიქტებს, სოციალურ ზეწოლას და გამბედაობას, რომელიც საჭიროა ადამიანის ნამდვილი იდენტობის გასაცნობიერებლად. ცოტა ბანალური, ცოტა ზედაპირული - თითქოს არც მწერალს და არც რეჟისორს ამბავი/სატკივარი გულთან ახლოს არ მიაქვს. ისე კი, მსგავსი თემით დაინტერესებულ რეჟისორებს ვურჩევდი სხვა პიესებზე შეჩერებას ან ბოლო-ბოლო თავიანთი ვერსიის დაწერას. დღეს ხომ თითქმის ყველა რეჟისორი დრამატურგობასაც იჩემებს, როგორც მხატვრობას და მუსიკოსობას. ეს უკანასკნელი არც ისე სახარბიელო რჩევაა.

თუმანიშვილის და ილიაუნის სპექტაკლების მოკლე შედარება:


ამ მონაკვეთში პატარა პარალელებს გავავლებ პედაგოგის და მოსწავლის - ვანო ხუციშვილისა და გელა გულიაშვილის დადგმებში. ორივე სპექტაკლი საკმევლის სუნით იწყება, დარბაზში შესულს უკვე პანაშვიდზე რომ გეგონოს თავი. პატარა პიესა ორივემ დამღლელად გაწელა. ვერ ამოვხსენი ან ერთს ან მეორე რეჟისორს რაში ჭირდება ოთახებს შორის გამყოფი ფარდის აუცილებლობა და გულის შემაწუხებლად ჩამოფარება გახსნა. თუ არ ჩავთვლით თუმანიშვილის თეატრის დადგმაში ერთ საინტერესო მიზანსცენას, როცა ფარდის კიდეები ისეა ჩაშვებული სასახლეში, რომ იფიქრებ მიცვალებულთან მჯდომი დედა აკვანში ჩაწოლილ ჩვილ ბავშვს უზისო. იქაც და აქაც მამას დაბლიდან (სარდაფიდან) კიბით ამოაქვს კუბო. ილიაუნში თუ კატა კვდება, აქ ფუტკრები იხოცებიან.


სპექტაკლის დაწყებისთანავე ყურადღებას იქცევს ფუტკრების ზუზუნი, რომელიც მთელ წარმოდგენას გასდევს ფონად. ფარდის მიღმა განლაგებული სკები განათებით, სასაფლაოს ასოციაციას ტოვებს (მხატვარი: გიორგი გორგიაშვილი). მხატვარი სკის ყუთებით ქმნის დეკორაციას, იქნება ეს ოთახში დადგმული კარადა თუ მიცვალებულის ჩასასვენებელი. ავეჯი გაცრეცილი მოთეთრო-მონაცრისფრო ფერისაა, ლამაზია თუმცა დამთრგუნველი. შემზარავია და შიშის მომგვრელი ფინალურ სცენაში ჭერიდან ჩამოშვებული გაუგებარი მასიური რეკვიზიტი, რომელიც რეჟისორის ჩანაფიქრით ველური ფუტკრის ბუდეა. ერთის მხრივ ის შიშისმომგვრელი ემოცია, რაც ამ ნივთის გამოჩენას ახლავს გამართლებულია, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა იკითხებოდეს რისი აღმნიშვნელია, რისი თქმა სურს ამით რეჟისორს. საცეცებიანი გიგანტური დეკორაცია ნელ-ნელა ჩამოდის სცენაზე და შიგნიდან განათების საშუალებით სხივებს უშვებს დარბაზში. ჩემთვის ჭუპრს უფრო წააგავდა საიდანაც პეპელა უნდა დაბადებულიყო, ის პეპელა მიცვალებულს რომ ჰქონდა ამოსვირინგებული - „მეტამორფოზაა გამოსახული გარდაცვლილის სხეულზე - ჭუპრიდან პეპელას გამოსვლა“ (ნუცა კობაიძე  - „როგორ გიხდება, ბიჭო, ეს კაბა! არ დაგცინი. მართლა გიხდება, დედა!“).


თუ განსხვავებაზე გვინდა საუბარი, დიახ, ვანო ხუციშვილის სპექტაკლში დრამატურგმა ჩაამატა პერსონაჟი - მღვდელი (გიორგი ჯიქია), რომლის არსებობის აუცილებლობას ვერ მივხვდი. თუ პირველ ვარიანტში საზოგადოებისგან და მათ შორის მოძღვრისგანაც მოკვეთილია ოჯახი, აქ „სინათლე“ შემოდის? მამია: „ღამე იმიტომ მოხვედი რომ არავის დაენახე?“ - შუა ღამეს მიცვალებულისთვის წესის ასაგებად მისული მღვდელი საკუთარ გადაწყვეტილებაში არ არის თამამი, ეშინია არ გარიყოს ხალხმა. ამ ჟესტით რეჟისორს გმირულ-ჰეროიკული პასაჟი შემოაქვს. მაგრამ როგორი ყალბია გიორგი ჯიქიას პერსონაჟი, როცა მამიას მიმართავს - ბებია-ბაბუას გვერდით არის გათხრილი მიწა და იქ შეგიძლია შვილის დამარხვაო, ამ დროს ცდილობს ზურგზე ხელის დადებას, მუშტს კრავს და გადაიფიქრებს. ასეთივე სუსტი სცენა აქვს ნინელი ჭანკვეტაძის პერსონაჟს (მართა), როცა თავის ქმარს უყვირის - „დამარტყი, მიდი დამარტყი!“ ზურგით ტრიალდება და შეკრავს დოინჯს. მსახიობმა დამაჯერებლად უნდა გადასცეს მაყურებელს განზრახული ემოციები, მიუხედავად იმისა, რეალურად განიცდის თუ არა მათ.


ფარდაში გახვეულ მიცვალებულს მღვდელი უგებს წესს. ფარდის გარეთ კი დედა წრეზე დადის და ფუტკრის შესაბოლ დანადგარს ისე აპკურებს, როგორც საკმეველს. ფინალისკენ კი სეფისკვერს ალბობს ღვინოში და კრიჭაშეკრული იტენის პირში. ამ ორი აქტით ქალი ღმერთთან მიახლოებას და შვილის წინაშე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვას ცდილობს. ემოციურია მართას გასვლა სკებში/საფლავებში, განმარტოებით მყოფი განწირული ხავის, თითქოს შველას ითხოვს სამყაროსგან და საკუთარი თავისგან.


უფროსი თაობის მსახიობები ნინელი ჭანკვეტაძე და გოგა პიპინაშვილი რთული გამოწვევის წინაშე დგანან. მათ უნდა შეძლონ და სპექტაკლზე მისულ მაყურებელს გაუღვიძონ სისასტიკის შემზარავი რეალობის აღქმის უნარი. რაც წარმოდგენის დასაწყისში არ გამოსდით, მეორე ნახევარში კი სათანადოდ ასრულებენ დასახულ მისიას. მიუხედავად იმისა, რომ მართას ქმრისგან გაქცევა სურდა, მაინც იგრძნობა წლებთან და თანაცხოვრებასთან ერთად ურთიერთპატივისცემა და ზრუნვა. სახლში მოსულ ცოლს მამია სუფრას უშლის და სადილად ეპატიჟება. შვილის საფლავის გასათხრელად წასული მამა ფუტკრებისგან დაკბენილი ბრუნდება და ქალი შეშინებული ევლება თავს. ორივე უბედური და სასოწარკვეთილია. შველას ითხოვს სკებში/საფლავებში გასული დედა განწირული ხავილით, შველას - საზოგადოებისგან, საკუთარი თავისგან.


მძიმეა სცენა, როდესაც მამა თმას დანით ააჭრის შვილს - ხომ დაემსგავსე ახლა კაცს?! მამია თმას გაზეთში ახვევს და კარადაში ინახავს. ეს მოულოდნელი ქმედება თანაგრძნობას იწვევს მაყურებელში, თუმცა პერსონაჟი მაინც გამოავლენს სისუსტეს, წინააღმდეგობას უწევს საკუთარ სურვილს  და ცეცხლს უკიდებს საგულდაგულოდ შენახულ თმას. გარდაცვლილის თმის შეჭრას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ინტერპრეტაციები შეიძლება განსხვავდებოდეს თუმცა შინაარსი არა - გათავისუფლება ფიზიკური სამყაროდან. თმა ხშირად განიხილება ადამიანის იდენტურობის ნაწილად. გარდაცვლილის თმის შეჭრით ითვლება, რომ მისი სული განთავისუფლდა ფიზიკური სხეულისგან, რაც საშუალებას აძლევს გადავიდეს არსებობის შემდეგ ეტაპზე. თმის შეჭრის აქტი ასევე შეიძლება ჩაითვალოს გლოვის რიტუალად, რომელიც წარმოადგენს ფიზიკური კავშირის გაწყვეტას საყვარელ ადამიანთან.


მიუხედავად წარსული სისასტიკისა, მშობლები ძალისხმევას არ იშურებენ, გამოისყიდონ შვილის მიმართ ჩადენილი დანაშაული. ეს ქცევა გამოწვეულია ცვლილებების ჭეშმარიტი სურვილით, სინანულით მათი ქმედებების გამო. რაც ყველაზე ნათლად გამოიხატა შემდეგ სცენაში - მიუხედავად იმისა, რომ მამამ შვილს კაცის სამოსი ჩააცვა, წინააღმდეგობა არ გაუწია ცოლს, რომელმაც გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე კაბით შემოსა და მაყურებლით სავსე დარბაზიდან თავახდილი კუბოთი გაასვენა.


მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ნინო (ნინა ლორთქიფანიძე) და დანიელი (ლუკა ჯაფარიძე) ერთნაირ, თითქოს გაუგებარ ემოციურ მდგომარეობაში არიან. დაბნეულები შემოდიან პარტერში და ასეთი დაბნეულები რჩებიან ფინალამდე. მსახიობების ხმა რთულად გასაგებია. არადა თუმანიშვილის თეატრის სივრცე არ მოითხოვს დიდ დიაპაზონს. სპექტაკლს აქვს კიდევ ერთი ნაკლი. ზოგჯერ, ტემპი არათანაბარია გარკვეულ სცენებში რაც ზემოქმედებას ახდენს მომდევნო სურათზე, შედეგად ვიღებთ გაზრდილ ქრონომეტრაჟს და შეგრძნებას, რომ არასდროს დამთავრდება წარმოდგენა.


როგორც უკვე აღვნიშნე სკეპტიკურად განწყობილი ვიყავი და მოლოდინიც გამართლდა, თუმცა სპექტაკლს აქვს თავისი ღირსებები და დადებითი ელემენტები რაზეც უკვე ვისაუბრე. ამასთან ვფიქრობ, თუ რეჟისორი შეამცირებს გაწელილ სცენებს და თითქმის 2 საათიან წარმოდგენას დაიყვანს 80 წუთამდე წარმოდგენა გაცილებით მომგებიანი, შთამბეჭდავი და ემოციური გახდება. მაყურებელი არ უნდა დაიღალოს საინტერესო ამბის ყურებით.

მართა: „[...] თურმე როგორ განიცდიან ძროხებიც შვილის სიკვდილს-მეთქი, ვამბობდით და ჭამა არავის შეგვიწყვეტია. მხოლოდ შენ არ ჭამდი. მადონა კი ბღაოდა და ბღაოდა. დაუკლეს შვილი, შეუჭამეს“.


ილუსტრაციები ნუცა კობაიძის