ყველა პროექტები მედია
12/07/2023
ნოდარ დუმბაძის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

ნოდარ დუმბაძის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი ,,ბაკულას ღორები" (დავით კლდიაშვილი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), რომელსაც გადაეცა ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალის სპეციალური სიმბოლო, დიპლომი და სასაჩუქრე ხურჯინი

 „ბაკულას ღორები“ მაესტრო მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი წარმატებული სპექტაკლია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მის სიცოცხლეშივე მოიპოვა. ის ქართველი კლასიკოსი მწერლის დავით კლდიაშვილის მოთხრობის სცენური ადაპტაციაა. „ბაკულას ღორები“ თუმანიშვილის თეატრის მოქმედი რეპერტუარის განსაკუთრებული სპექტაკლია, რომელიც 45 წელზე მეტია ცოცხლობს და ამიტომაც ყველაზე სიცოცხლისუნარიანი სპექტაკლია ქართული თეატრის ისტორიაში. გალაქტიონ ხოსოლიანი წუხს თავისი მეზობლის ბაკულას ღორების გამო, რომლებიც დროდადრო ანადგურებენ მის ბოსტანს და ოჯახს საკვებად აღარაფერს უტოვებენ. უეცრად გალაქტიონს ახსენდება თავისი ცოლის ბიძაშვილი და თავში ერთი აზრი გაუელვებს. იგი გადაწყვეტს, რომ შაშა და კანცელარიის სხვა ჩინოსნები თავის სახლში დიდ სუფრაზე მიიწვიოს. ღარიბი გლეხი იმედოვნებს, რომ ბაკულა შეშინდება მისი მეგობრებისა და ნაცნობების ნახვით და ღორებსაც საბოლოოდ მოიშორებს. იმუშავებს კი ეს ჩანაფიქრი? რეალურ პრობლემას ღორები წარმოადგენენ თუ ადამიანები, რომლებიც ღორებს ემსგავსებიან? - კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული ეს სპექტაკლი გვიყვება, თუ რაოდენ საშინელი და სასტიკი იყო ყოველდღიურობა საბჭოთა კავშირში. ავტორი ამბობს: „როგორ ძალუძს ადამიანს ასეთ ამაზრზენ და ჩამოშლილ გარემოში თანაარსებობა მაღალჩინოსნების მუდამ დაუსჯელ საქმეთა გვერდით?“ - ეს შეკითხვები პერსონაჟთა დიალოგებში რიტორიკულად ჩნდება, როგორც ნამდვილ კრიტიკული რეალიზმის შედევრს შეჰფერის.